ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, აგრარული ბაზრის საქმეზე ბრალდებულ რვავე პირს, რომლებიც სპეოპერაციის შედეგად დააკავეს, პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ქეთევან თხელიძემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყველა პირი პატიმრობაში დატოვა.
დაკავებულებს პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას ედავება, დაცვის მხარე კი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და სააპელაციოში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
დაკავებულების ადვოკატები ევგენი ომანაძე და მაკა ფანჩულიძე, რომლებიც სამ ბრალდებულს (ლაშა კვატაშიძეს, ნიკოლოზ ვასილიევს, სერგი აზნარაშვილს) იცავენ, მიიჩნევენ, რომ სწორედ მათი დაცვის ქვეშ მყოფები არიან მსხვერპლი, რასაც სასამართლოს აუცილებლად დაუმტკიცებენ.
„უდანაშაულო ადამიანები, ერთი ხელის მოსმით, გაუშვეს პატიმრობაში უკანონოდ, უსამართლოდ და უსაფუძვლოდ. 116-მა ადამიანმა, მოვაჭრემ თავისი ხელმოწერით დაადასტურა ის ფაქტი, რომ ნებაყოფლობით გადავიდნენ “ტაბალხმელას” ბაზრობაზე და მათ მიმართ არანაირ იძულებას არ ჰქონია ადგილი. ყველაფერი არის გამოგონილი იმისთვის რომ ქალაქში, თურმე, მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა მართოს აგრარული ბაზარი და ჩაძირონ ახალგაზრდები, რომლებმაც ენთუზიაზმით დაიწყეს მუშაობა“,- განმარტავს “ქუთაისიპოსტთან” საუბარში ადვოკატი მაკა ფანჩულიძე.
ადვოკატის ევგენი ომანაძის თქმითაც, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს არ მოსწონდათ რა პირობებშიც მუშაობდნენ ნიკეას ბაზარში და უკეთეს პირობებში გადავიდნენ “ტაბახმელაში“. ადვოკატის განმარტებით, სწორედ ბიზნების ჩაძირვისა და გაკოტრების მიზნით მოუგონა ნიკეას ადმინისტრაციამ “შპს ,,ტაბახმელა 2023“-ის ბაზრის წარმომადგენლებს “ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდება.
“სამწუხაროდ, სასამართლომაც, ასე შეუცნობლად დაადასტურა, თითქოს ახალი ხელისუფლების (“ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა- რედ.) პირობებში გაიფურჩქნა ქურდულმა სამყარომ. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, შეთქმულების ნაწილი, რომ ამ ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ. ამ შედეგით რაც დადგა, მოითბეს ხელი და გაიხარეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა”,- განმარტავს ომანაძე.
კითხვაზე როგორ მოხდა ისე, რომ “ქართული ოცნების” სასამართლომ წინა ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევგენის ომანაძე ამბობს, რომ: “2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ენმ-ის წარმომადგენლობები (ადმინისტრაციული რესურსი) კვლავ შემორჩა”.
მისივე თქმით, ბაზრის საქმეზე დაკავებულების საქმეზე მომდევნო პროცესი 15 მაისსაა ჩანიშნული.
სამართალდამცველებმა 7 ბრალდებული 24 მარტს დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება პროკურატურამ დაუსწრებლად წარუდგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დასაწყისში, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა პირმა საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდების“ დავალებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში, აგრარული ბაზარი გახსნა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, ვინაიდან აღნიშნული სავაჭრო ობიექტი ქუთაისში არსებულ ანალოგიურ ბაზარს კონკურენციას ვერ უწევდა, ბრალდებულებმა „კანონიერი ქურდების“ სახელის და მათი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ასევე სხვადასხვა უკანონო ქმედებებით, კონკურენტი ბაზარიდან იძულებით გადაიყვანეს ძირითადი მოვაჭრე პირები, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ფაქტობრივად ფუნქციონირება შეწყვიტა.
დაკავებულებს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით („კანონიერი ქურდობა“), 223¹ მუხლის 1-ლი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) და 223³ მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.