დამსახურებული ჟურნალისტი, მათემატიკოსი,პროფესორი, პოეტი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ტელეწამყვანი, საზოგადო მოღვაწე ბენია თხილავა დღეს, 14 სექტემბერს 81 წლის გახდებოდა.
ის ავადმყოფობის შემდეგ, 80 წლის ასაკში მიმდინარე წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა.
სამაგალითო თავისი ცხოვრების წესითა და ქცევით, აქტიური მოქალაქე და შემოქმედი. იგი საუნივერსიტეტო ცხოვრების გარდა სხვა, უამრავ საქმიანობას ეწეოდა და თითქმის ყველას საზოგადოებრივ საწყისებზე ასრულებდა. იგი იყო სანდო და ერთგული თავისი საქმის, სტუდენტების, ადამიანების, ოთხფეხა მეგობრების და ზოგადად, ქვეყნის. მიაჩნდა, რომ ორპირობა, ქრთამი, კორუფცია და ანგარებაა არის ის, რაც ქვეყნის განვითარებას და წინსვლას აფერხებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია წესიერი ხალხის აქტუურობა და მათი როლის წინაპლანზე წამოწევაო.
ბატონმა ბენიამ თავისი ჟურნალისტური საქმიანობის ბოლო წლები ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ში გაატარა. მან არაერთი ადამიანის შემოქმედება და სახე გააცნო საზოგადოებას.
როგორც თავად აღნიშნავდა, იგი ავტორია 800-ზე მეტი სატელევიზიო გადაცემის, ლექსების, წიგნების, მონოგრაფიებისა და სამეცნიერო ნამუშევრების. არის დამფუძნებელი იუმორისტული აკადემიისა და საზოგადოებრივი დარბაზის, იყო წევრი მერიის მრჩეველთა საბჭოსი და საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის.
საიუბილეო დღეებში ბენია თხილავა იყო გადაცემის ,,შუადღე ქუთაისში” სტუმარი, სადაც, კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოჩინდა ბატონი ბენიას საინტერესო პიროვნება.