ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი – 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური კაფსულა ჩაგდების ცერემონია გაიმართა, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.
ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას, ასევე, აეროპორტი შეძლებს დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას.
დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებები დაემატოს.
სამომავლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
„ქუთაისიდან ყოველ კვირაში სრულდება 127 ფრენა, რომელთაგან 86 ევროპის მიმართულებაა – 36 ქალაქიდან, სადაც ფრენები ხორციელდება, 28 ევროპულია. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელია; დღეს აქ დასაქმებულია ჩვენი 1000-ზე მეტი მოქალაქე; აეროპორტი მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაეუფლონ ახალ პროფესიებს და გახდნენ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დიდი წვლილი შეაქვს იმერეთის და მთლიანად საქართველოს ავიაციის, ტურიზმის, ზოგადად ეკონომიკის განვითარებაში; სწორედ ამიტომ, აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ და მომავალშიც ასეთივე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ.
პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად აღჭურვილი აეროპორტი, რომელიც კიდევ უფრო დიდ სტიმულს მისცემს ტურიზმისა და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდას ჩვენს ქვეყანაში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება,“- განაცხადა პრემიერმა.