საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 2012 წელს მკვლელობისთვის იტალიაში 21 წელი მიუსაჯეს და 100 ყველაზე საშიშ გაქცეულს შორისაა, თურქეთში დააკავეს და იტალიას გადასცეს.
იტალიის პოლიციის განცხადებით, 43 წლის მაკა ქატიბაშვილი სავარაუდოდ, დაკავშირებულია მაფიოზურ კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კერძოდ “კანონიერი ქურდების” ერთ-ერთ კლანთან.
ქატიბაშვილი 2012 წლის 6 იანვარს, სამხრეთ იტალიაში, ქალაქ ბარში, საქართველოს მოქალაქის, ე.წ “კანონიერი ქურდის” რევაზ ჭურაძის მკვლელობაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა.
შეგახსენებთ, რომ რევაზ ჭურაძე 2012 წელს იტალიაში, მოროს მოედანზე, საკუთარი ოფისის წინ მაყუჩიანი იარაღით ჩაცხრილეს. მოკლულს ცხრა ტყვია ესროლეს. მკვლელობა მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდა.










