4 აპრილი (22 მარტი ძვ. სტ.)
მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება; ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ. მღვდელმოწამისა ბასილისა, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117); ღირსისა ისააკ დალმატიელისა (IV)
ლაზარე ქალაქ ბეთანიაში, იერუსალიმის მახლობლად, თავის ორ დასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც სახარება ამბობს, “უყვარდა იესოს ლაზარე და მისი დები”. როცა ბეთანიის მახლობად იმყოფებოდა, მაცხოვარი მათთან ცხოვრობდა ხოლმე. ასეთ დროს ხალხი იკრიბებოდა ამ ოჯახში, რათა ესმინათ იესოს სწავლება. ლაზარეს ერთი და-მართა სახლში საქმიანობდა, მეორე და-მარიამი კი იჯდა და გაფართოებული თვალებით შესცქეროდა მაცხოვარს, რათა არცერთი მისი სიტყვა არ გამორჩენოდა.
ლაზარე ოცდაათი წლის იყო-თითქმის თანატოლი მაცხოვრისა. ერთხელ იესოს მოუტანეს ამბავი, რომ მისი მეგობარი შეუძლოდ იყო. იგი წავიდა ბეთანიაში და როცა მივიდა, ლაზარე უკვე ოთხი დღის დამარხული დაუხვდა. დები მგლოვარედ იყვნენ. იესომ ამოიოხრა და ითხოვა, საფლავთან მიმიყვანეთო. იქ მას ცრელი მოერია. დები შესტიროდნენ მას, აქ რომ ყოფილიყავი, ჩვენი ძმა არ მოკვდებოდაო. იესოს საფლავთან (ებარელები მიწაში კი არ ასაფლავებდნენ მიცვალებულს, არამედ კლდის გამოქვაბულში შეასვენებდნენ ხოლმე. ასე დაკრძალეს შემდგომ მაცხოვარიც) მივიდა და დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ! და ლაზარე-ქრისტეს საყვარელი მეგობარი აღდგა.
მაგრამ ეს ამბავი არ მთავრდება. ლაზარეს აღდგომის შემდეგ, ვინც ეს სასწაული ნახა, ბევრმა იწამა იესო ქრისტე. ამიტომ მაცხოვრის მტრებმა ლაზარესადმი გულში ძვირი ჩაიდეს. უფლის აღდგომის შემდეგ, როცა დაიწყეს მისი მოწაფეების დევნა, ლაზარე პალესტინიდან კვიპროსის ქალაქ კიტიოში გაემგზავრა. აქ ის პავლე მოციქულს შეხვდა, რომელმაც ქალაქის პირველ ეპისკოპოსად დაადგინა. მთელი დარჩენილი სიცოცხლე მან ამ ქალაქში გაატარა, მიუძღოდა რა ადამიანებს უფლის გზაზე. გარდაიცვალა იგი 60 წლის ასაკში. მის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: “ლაზარე, ქრისტეს მეგობარი, ოთხი დღის შემდეგ მკვდრეთით აღმდგარი”.
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!
და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,
და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.
და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ ” წელი ათასი – ვითარცა ერთი დღჱ”,
და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ – ათასსა მარაგსა,
და ესე არს ოთხი დღჱ, და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის – ღებისა მისისაჲთა.
და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,
და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც – და -ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.
და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ესე წილი ანბანისაჲ.
ტროპარი: ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
კონდაკი: ჭეშმარიტად ყოველთათვის მხიარულებაი არს ქრისტე, ნათელი და ცხოვრებაი სოფლისა, რამეთუ აღდგომაი მკვდართა ცხად-ჰყო სახიერებითა თვისითა და სახე გვექმნა აღდგომისა, და ყოველთა ღმრთაებრ მიმადლებს ცოდვათა მიტევებასა.
კონდაკი: ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწვდომელო, იკითხევდ დღეს საფლავსა ლაზარესსა, მირახვედ და აღადგინე იგი მკვდრეთით, ოთხიდღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან, და შეიწირე იგი ცრემლნი მართას და მარიამისნი