მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ეშინია თავისუფალი პრესის, როგორც ვამპირს ეშინია სინათლის, რადგან მათ იციან, რომ მათ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატებიდ დროს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში 400-ზე მეტი ჟურნალისტი, ოპოზიციის წარმომადგენელი, ასევე რიგითი მოქალაქე დააკავეს და აწამეს. კრამერმა ასევე აღნიშნა, რომ თავისუფალი პრესისა და თავისუფალი საზოგადოების შუქი ტირანიის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღია.
“მედიის თავისუფლება ფუფუნება არ არის. ეს დემოკრატიული აუცილებლობაა. ის ანათებს იქ, სადაც კორუფცია და ავტოკრატია იმალება. და სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ მზია ამაღლობელი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ჟურნალისტი, 150 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დააპატიმრა.
და ეს არ არის ერთეული შემთხვევა. 400-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი, ოპოზიციის წარმომადგენელი, ასევე რიგითი მოქალაქე, დააკავეს, აწამეს ან დააპატიმრეს. კოლეგებო, მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ეშინია თავისუფალი პრესის, როგორც ვამპირს ეშინია სინათლის, რადგან მათ იციან, რომ მათ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა.
ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ქართველებს ის არ სურთ და პუტინის რეჟიმის ჩრდილშია, რომელიც იყენებს დეზინფორმაციას, დაშინებას, მანიპულირებას, რადგან იცის, რომ ქართველები არასდროს აირჩევენ ისე ცხოვრებას, როგორშიც რუსები ცხოვრობენ.
კოლეგებო, თავისუფალი პრესისა და თავისუფალი საზოგადოების შუქი ტირანიის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღია. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოვიდეს ჩრდილიდან, მოხსნას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები და ქართველ ხალხს მისცეს საშუალება, თავისუფლად აირჩიოს თავისი მომავალი სინათლეში”,- განაცხადა მან.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები მიმდინარეობს.
ევროპარლამენტარები თემაზე: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მსჯელობენ. ამასთან, ხვალ ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან რეზოლუციას: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.