NDI-ის კვლევის თანახმად, იმ რესპონდენტთა 42 %, ვინც კვლევაში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას აფიქსირებს, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის აქციის დაშლისას გადამეტებული ძალა გამოიყენა.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე: გადაამეტა თუ არა ხელისუფლებამ 20 ივნისის აქციის დაშლისას ძალას, პასუხი „დიახ“ დააფიქსირა გამოკითხულთა 72 %-მა, რომელიც ამბობს, რომ არც ერთ პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს, ასეთივე პასუხი დააფიქსირა რესპონდენტთა 42 %-მა, რომლის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, ასევე 92 %-მა, რომლის შეხედულებებთან ახლოს „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.
რაც შეეხება ხელისუფლების მიერ სათანადო ძალის გამოყენებას, რესპოდენტთა 18 %, რომელიც ამ პასუხს აფიქსირებს კვლევაში, არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს, 45 % -„ქართული ოცნება“, 4 % – „ნაციონალური მოძრაობა“.
გარდა ამისა, რესპონდენტთა 43 %-ის შეხედულებებთან ახლოს, ვინც მიიჩნევს, რომ ძალის გადამეტების გამო პირთა მიმართ სათანდო ღონისძიებები არ გატარდა, „ქართული ოცნება“ დგას, 74%-ის შეხედულებებთან არც ერთი პარტია, ხოლო 76%-ის შეხედულებებთან „ნაციონალური მოძრაობა“.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.