„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავს. შესაბამისი განცხადება, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კანონმდებლობით „მოქნილი ინსტრუმენტი“ არსებობს იმისთვის, რომ აღიკვეთოს იმ ადამიანების საქმიანობა, რომლებიც აკრძალულ პარტიებთან იქნებიან დაკავშირებული.
„ჩვენ, ამ ეტაპზე, ინდივიდებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა არ გვაქვს, ვინაიდან ინსტრუმენტი, რომელიც მემკვიდრე პარტიის სახით არსებობს, იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან დაკავშირებული აკრძალულ პარტიებთან, მათი არაკონსტიტუციური პოლიტიკურ საქმიანობა აღკვეთონ ანუ უფრო მოქნილი და ფართო ინსტრუმენტი არის, ვიდრე ეს იქნებოდა, თუკი ჩვენ ინდივიდებისგან შემდგარ სიას ჩამოვაყალიბებდით და ჩვენ ვამჯობინეთ ამ გზით წასვლა, ამ ეტაპზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.








