15 მარტს, 13:00 საათზე ჭიათურაში მაღაროელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება.
მაღაროელები და ჭიათურელი მოქალაქეები ითხოვენ, სახელმწიფომ მაღაროების მართვის პასუხისმგებლობა აიღოს.
“ჭიათურაში საგანგაშო ვითარებაა!
ინვესტორმა დაარღვია პირობა და 1 მარტიდან მაღაროებში სამუშაო პროცესი არ აღუდგენია. პირიქით, მაღაროები სრულად დაიკეტა, რის შედეგადაც 3,500 ადამიანი უმუშევარი დარჩა. ქალაქი და შემოგარენი სოფლები ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დგანან.
მაღაროელები და ჭიათურელი მოქალაქეები ითხოვენ, რომ სახელმწიფო აქტიურად ჩაერთოს პროცესში და აიღოს მაღაროების მართვის პასუხისმგებლობა, რათა ქალაქი მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს.
შაბათს, 15 მარტს, 13:00 საათზე, ჭიათურაში გაიმართება მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომელშიც მთელი ქალაქი მიიღებს მონაწილეობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.