იტალიამ ქაბულიდან საელჩოს 70 თანამშრომლისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაცია განახორციელა. თვითმფრინავი რომში დღეს ჩაფრინდება. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.
ევაკუაცია იტალიური ოპერაცია Aquila Omnia–ის ნაწილია, რომელიც იტალიელი დიპლომატიური პერსონალის, მოქალაქეების, ავღანელი თანამშრომლებისა და ოჯახის წევრების სწრაფ ევაკუაციას ითვალისწინებს. ჯარების გაყვანამდე იტალიას ავღანეთში ერთ-ერთი უდიდესი კონტინგენტი ჰყავდა.
საფრანგეთმა განაცხადა, რომ ორშაბათს თავისი მოქალაქეების და ავღანელი თანამშრომლების პირველი ნაკადის ევაკუაციას განახორციელებს. ქაბულიდან მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზაზე ჩაიყვანენ.
”ჩვენ პირველი როტაციის განხორციელებას ორშაბათის ბოლოსთვის ვგეგმავთ”, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორენს პარლიმ. მისი თქმით, ჯამში საფრანგეთის რამდენიმე ათეული მოქალაქის ევაკუაცია იგეგმება.
გერმანიიდან ავღანეთში სამი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი გაფრინდა.
მათ ქვეყნიდან გერმანიის მოქალაქეები და ავღანელები უნდა გაიყვანონ, რომლებიც გერმანიის ხელისუფლებასთან მუშაობდნენ.
თვითმფრინავების ბორტზე ასევე იმყოფებიან მედესანტეები და სამხედრო პოლიცია, რომელიც ევაკუაციას უზრუნველყოფდა.
ფინეთმა განაცხადა, რომ ის თავის საელჩოს ქაბულში დახურავს, ვინაიდან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება გაურკვეველია.
“ქვეყნიდან დიპლომატიური პერსონალის ევაკუაცია ხორციელდება”, – აღნიშნულია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შვედეთმა ქაბულში საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია კვირას განახორციელა.
”შემიძლია განვაცხადო, რომ მთელმა პერსონალმა – 19 ადამიანმა – ქაბული გუშინ დატოვა”, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ.