ჟურნალისტი, კახა კვაშილავა ოკუპირებულ სოხუმში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“მამაჩემისა და დედაჩემის ოფლით აშენებული სახლი სოხუმში, რომელშიც სულ 15 წელი იცხოვრეს. ახლა სხვა “მეპატრონე” ჰყავს..
ეს ჩვენი სახლის ჭიშკარი. იცით, ვისი შეღებილია და თუნუქმიკრულია? ახალი “მეპატრონის” არა. ჩვენი! დიახ, ჩვენი შეღებილია. მახსოვს, 1988 წლის მაისში რომ ვღებავდით მთელი ოჯახი.
ახლა გამოთვალეთ, რამდენი წელი გავიდა. ახლა გამოთვალეთ, რამდენი წელია, ხელი არ შეუვლია არაფრისთვის ჭიშკარზე ჩემი მშობლების სახლის ახალ “მეპატრონეს”…
მამაჩემს უთხრა ახალმა “მეპატრონემ”, შენს სახლზე 10 წელია, თვალი მიჭირავსო.
10 წელი თვალი კი ეჭირა, მაგრამ 30 წელია, მის ოჯახს არაფერი გაუკეთებია.
ფოტოზე ჩანს ჩემი საძინებლის ფანჯრები….
ოღონდ გული არ გასკდეს….
ჩემი ბავშვობის ტკბილი სახლი.
ჩემი სახლი!
ჩემი ოფიციალური იურიდიული მისამართი, რომლითაც ვამაყობ, ვინახავ და ვუფრთხილდები!
მე და ჩვენი ოჯახი შევაღებთ ამ ჭიშკარს!”, – წერს კვაშილავა.