ფინეთში 120 000 ბავშვი დაბალშემოსავლიან ოჯახში ცხოვრობს.
გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში თითქმის გაორმაგდა ისეთი დაბალშემოსავლიანი ოჯახების რიცხვი, რომლებსაც საკვების მოპოვება უჭირთ.
ასეთია ორგანიზაცია „გადაარჩინეთ ბავშვები – ფინეთი“-ს (Save the Children Finland) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, დაბალშემოსავლიანი ბავშიანი ოჯახების 14%-მა განაცხადა, რომ ხშირად არ აქვს საკმარისი საკვები. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 7,5%-ს შეადგენდა.
„შარშან ჩატარებულმა გამოკითხვამ კვებითი დაუცველობის მაღალი დონე ვერ გამოავლინა, მაგრამ წელს იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც სასურსათო დაუცველობას განიცდიან, უბრალოდ, გასაოცარია“, – წერს პრესრელიზში Save the Children Finland-ის ბავშვთა სიღარიბის ექსპერტი, იოჰანა ვინბერგი.
კვლევის თანახმად, დაბალი შემოსავლის მქონე ბავშვიანი ოჯახების თითქმის 90%-მა განაცხადა, რომ მათ ოჯახს ძლივს გააქვს თავი.
გამოკითხვით ასევე ირკვევა, რომ ფინეთში, დაბალშემოსავლიან ოჯახებში, დაახლოებით 120 000 ბავშვი ცხოვრობს.
შფოთვა და სტრესი ბავშვებს დამატებით ტვირთად აწვებათ
თავის ანგარიშში Save the Children Finland იმასაც აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით, ასევე შემცირებულია გასართობ და დასასვენებელ აქტივობებზე ბავშვების ხელმისაწვდომობა. დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში მცხოვრები თითქმის ყოველი მესამე ბავშვი ამბობს, რომ ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა, თავის გატაცებაზე უარი ეთქვა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბავშვების 80%-მა განაცხადა, რომ ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო სტრესს განიცდის, მათ ნახევარზე მეტს კი ისიც აწუხებს, რომ მის მშობლებს მატერიალურ პრობლემებთან გამკლავების უნარი არ გააჩნიათ.
„ამ შედეგებიდან გამომდინარე, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ფსიქიკური მდგომარეობა და კეთილდღეობის დეფიციტი მზარდ შეშფოთებას იწვევს“, – ნათქვამია მოხსენებაში.
„შფოთვა და სტრესი, უთანასწორობის განცდასთან ერთად, ამ ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობას დამატებით ტვირთად აწვება“, – აცხადებს ვინბერგი.
კვლევითი ორგანიზაცია მოუწოდებს ფინეთის მთავრობას, გაითვალისწინოს გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტის გაფრთხილებები, განსაკუთრებით – ყველაზე დაუცველი ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით. ორგანიზაციის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ამ ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა, მაგალითად, სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფის კუთხით.
პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს მთავრობამ მიზნად დაისახა საბაზისო სოციალური დახმარების ბენეფიციართა რიცხვის შემცირება. თავად ეს დახმარება კი, პირველ რიგში, იმ ოჯახების მხარდასაჭერად იყო მიმართული, რომლებიც პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ.
„მსოფლიოში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ და ფასების ზრდამ განაპირობა ის, რომ ბავშვებს არ აქვთ თავდაჯერებულობა და არ იციან, რა ელით მომავალში. ყოველდღიური ცხოვრება მათთვის გადარჩენისთვის ბრძოლად იქცა. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს“, – აღნიშნავს ვინბერგი.
კვლევაში, სახელწოდებით „ბავშვის ხმა“, 1 700 ბავშვისა და მოზარდის აზრი აისახა










