ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი ისრაელ-ირანის კონფლიქტს ეხმიანება და ირანელ გულშემატკივარს მიმართავს:
„ძვირფასო მეგობრებო, ამ რთულ და მტკივნეულ დღეებში, გულწრფელად მინდა, რომ თქვენს გვერდით ვიყო.
ირანში რვა მნიშვნელოვანი წელი გავატარე და ირანელი ხალხის მიმართ მხოლოდ თბილ და პატივისცემით სავსე მოგონებებს ვატარებ.
არ მსურს პოლიტიკური ტერმინებით საუბარი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უდანაშაულო მოქალაქეთა კეთილდღეობაა — ყველა მხარეს. მათ ვუსურვებ მშვიდობას, უსაფრთხოებას და ძალას, მთელი გულით.
ღრმა პატივისცემითა და სოლიდარობით – გიორგი გველესიანი“, – წერის ფეხბურთელი გავრცელებულ პოსტში.
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, 16 ივნისს ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაღუპულია 224 ადამიანი და დაჭრილია 1481.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Activists-ის (ოფისი ვაშინგტონში) მიერ 18 ივნისს გავრცელებული მონაცემებით, 13 ივნისიდან ირანში დაიღუპა სულ მცირე 585 და დაიჭრა 1326 ადამიანი. ორგანიზაციის თანახმად, დაღუპულთაგან 239 სამოქალაქო პირი იყო.
ისრაელის მთავრობის მიერ 18 ივნისს, დილით განახლებული მონაცემებით, ისრაელში დაიღუპა 24 და დაიჭრა 800-ზე მეტი ადამიანი.