ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელის განვითარება არის მიღებული პრაქტიკა. შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია, ამ ზომასაც მივმართავთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ბიზნესთან კონსულტაციები გაგრძელდება.
„მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ერთად გამოვნახოთ, ეს უნდა გამოვნახოთ ბიზნესთან ერთად. ჩვენ ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, გაგრძელდება კონსულტაციები, პირველ რიგში, ბიზნესთან ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს რაც შეიძლება იყოს მიღებული, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან რთული იქნება გარკვეული რეგულაციების დაწესება უშუალოდ მარკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით. ასეთი პრაქტიკაც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ალბათ რთული იქნება დღევანდელ ეტაპზე ასეთი რეგულაციების შემოღება. რაც შეეხება ფასების გრძელვადიან რეგულაციას და ალტერნატიული ქსელის განვითარებას, ეს არის მიღებული პრაქტიკა სხვადასხვა სექტორში. ჩვენ შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია, ამ ზომასაც მივმართავთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამორიცხა, რომ ე.წ. კარტელური გარიგებები შეიძლება ყოფილიყო ბიზნეს სუბიექტებსა და მაღალი თანამდებობის პირებს შორის. როგორც მან აღნიშნა გარიგება შეიძლება ყოფილიყო თავად ბიზნეს სუბიექტებს შორის, თუმცა არც ამის თქმა არ შეიძლება მტკიცებით ფორმაში.
„არ მგონია, აქ არაფერ შუაში არიან თანამდებობის პირები. შეიძლება ყოფილიყო ბიზნეს სუბიექტებს შორის შესაბამისი კარტელური გარიგებები, რაზეც, რა თქმა უნდა, მტკიცებითი ფორმით ვერ ვისაუბრებთ, ამაზე შეიძლება კონკრეტულმა უწყებებმა რაიმე ინფორმაცია მოგვაწოდონ, მაგრამ ზოგადად ეჭვს აჩენს მაღალი ფასები, ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რა შუაში არიან თანამდებობის პირები?! რაც შეეხება ჩვენს მიდგომას ბიზნესის მიმართ, ბიზნესი არის თავისუფალი, ბიზნესი დარჩება აუცილებლად თავისუფალი, დავრჩებით კონსულტაციების რეჟიმში და სწორედ კონსულტაციების საფუძველზე, გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ფასების შემცირებას“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა.
მისი თქმით, სიღარიბის შემცირებაზე პირველ გავლენას ეკონომიკური ზრდა ახდენს.
„ჩვენ შარშანაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. შარშანდელი მონაცემებით 7,5% იყო ეკონომიკური ზრდა და ასეთ პირობებში ბუნებრივია, მცირდება სიღარიბე. თქვენ იცით, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, ეს ნიშნავს იმას, რომ მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ახლა ეს მაჩვენებელი 2024 წლის მონაცემებით არის 9,4%. ველოდებით 2025 წლის მაჩვენებელს. ვფიქრობთ, რომ შემცირებული იქნება საერთო კრიტერიუმების მიხედვით სიღარიბის მაჩვენებელი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმ ტემპების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.









