„ჯანმრთელი ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ სოციალური დაცვის პლატფორმიდან და ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში გადავიდნენ“, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ელგუჯა მელაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც ქვეყანაში მუშახელის დეფიციტს და შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებულ დისბალანსს უწყობს ხელს, სწორედ არსებული სოციალური პოლიტიკაა.
მისივე თქმით, შრომისუნარიანი ადამიანები სოციალურ დახმარებას არ უნდა იღებდნენ და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის მიზნით, მათი მოტივირება უნდა მოხდეს.
„სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზების გადახედვას ვემხრობი. აბსოლუტურად სწორია ეს. მხოლოდ ახლა კი არა, პერიოდულად უნდა ხდებოდეს.
ქვეყანას აქვს ასეთი უფასო პროფესიული განათლების პოლიტიკა. მეორე საკითხია, მათი ადაპტირება გარკვეულ სამუშაო ადგილებზე და ეს პროგრამებიც აქვს სხვადასხვა სამინისტროებს, შეჯერებული და კოორდინირებულიც არის. ეს არის სპეციალური სამეწარმეო პროგრამები სოფლის განვითარების სააგენტოსი და „აწარმოე საქართველოში“, ორი სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ანუ თუ საქმის გაკეთება გინდა, ამის შესაძლებლობები გაგაჩნია. არ გაქვს შესაბამისი ცოდნა? მაშინ უფასოდ მიიღე, მაგრამ ამ პერიოდში შენ სოციალურ დახმარებას იღებ.
ადამიანი, რომელიც არის ჯანმრთელი, ფიზიკურად თუ გონებრივად და აქვს შესაძლებლობა, რომ იმუშაოს, არ მიმაჩნია სწორად, იღებდეს დახმარებას. ცოტა ალბათ, უხერხულიც კი არის, რომ როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ, დახმარება მიიღო. როდესაც ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი ვაკანსიაა, მიიღე შესაბამისი განათლება, დასაქმდი და ჩაერთე ეკონომიკურ საქმიანობაში.
რომ შევაჯამოთ, ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ სოციალური დაცვის პლატფორმიდან, სადაც მათი ადგილი არ არის, რადგან ჯანმრთელები არიან და გადავიდნენ ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში. უნდა მოვახდინოთ მათი მოტივირება. არის ეს პროგრამები, უბრალოდ, ამას სჭირდება ტაქტიკური საქმიანობის განხორციელება.
იცით ვის ეძლევა სოციალური დახმარება სხვა ქვეყნებში? თუ შენ ჯანმრთელი ხარ, აქტიურად ეძებ სამუშაოს და ვერ პოულობ, მაშინ გეძლევა ეს დახმარება. თუმცა, თუ არის სამუშაოები, ჩვენ გთავაზობთ და შენ უარს ამბობ მუშაობაზე, ეს სხვა საკითხია“, – განაცხადა ელგუჯა მელაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმებას იწყება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყების მთავარი მიზანია, ბაზაში მხოლოდ ის ოჯახები რჩებოდნენ, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა, რეალურად, ესაჭიროებათ.










