პროტესტის 108-ე დღე ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართა.
პროევროპული აქციის მონაწილეებს დედაქალაქიდან სტუდენტები და სამოქალაქო მოძრაობა “დაიტოვეს” წარმომადგენლები შეურთდნენ.
მოქალაქეები, უცვლელად, მერიის წინ შეიკრიბნენ. მათ რეჟიმის ტყვეებისთვის წერილები დაწერს.
მოგვიანებით უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობით გადაინაცვლეს.
“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, ,,არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, ,,შემოუერთდით პროტესტს”, ,,ჩაინიშნოს ახალი არჩევნები” – ამ და სხვა შეძახილებით პროტესტის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩები მოიარეს. მათ მსვლელობით ,,ქართული ოცნების” ოფისთან ჩაიარეს და კვლავ მერიის წინ დაბრუნდნენ, სადაც საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე ,,როგორ გაყალბდა არჩევნები.”
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.