უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლოს მიერ სამი უცხოელისთვის გამოტანილ სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან.
უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები – ეიდენ ასლინი და შონ პინერი, ისევე როგორც მაროკოს მოქალაქე საუდუნ ბრაჰიმი სამხედრო ტყვეების უფლებებით უნდა სარგებლობდნენ
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, ისინი ექვემდებარებიან მებრძოლების სამართლებრივ სტატუსს. ეკრძალება მათი შეურაცხყოფა, დაშინება ან მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ.
მისივე თქმით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინელი სამხედროების ე.წ. სასამართლო პროცესი გამოუსადეგარია.
ნიკოლენკომ დასძინა, რომ სასამართლო პროცესი პროპაგანდის ინტერესებს კანონსა და მორალზე მაღლა აყენებს.
საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რათა უკრაინის ყველა დამცველი გაათავისუფლოს.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ ბრიტანეთის ორ მოქალაქესა და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლომ სამივე უცხოელი სამხედრო „დაქირავებული მებრძოლების“ ბრალდებით გაასამართლა.










