გუშინ უნგრელმა ხალხმა ავტორიტარული რეჟიმი შეცვალა. ამ არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია იმისა, როგორ გაება თავისსავე დაგებულ მახეში რეჟიმი, – ამის შესახებ მის შესახებ მოძრაობა „სოციალ დემოკრატიისთვის“ წევრმა ვახუშტი მენაბდემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ვახუშტი მენაბდე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტავს უნგრეთის საარჩევნო სისტემის „უცნაურობას“ და აღნიშნავს, რომ თავის დროზე ორბანმა საარჩევნო სისტემა საკუთარი ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ გუშინდელ არჩევნებში საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა.
„მთელი საღამო უნგრეთის საარჩევნო კომისიის ვებგვერდს ვადევნებდით თვალყურს. თან ისმოდა კითხვები უნგრეთის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს კითხვები ბუნებრივია, რადგან უნგრეთს მართლაც “უცნაური” საარჩევნო სისტემა აქვს. მაშ რაშია საქმე? რა ხდის მას ასე გაუგებარს?
უნგრეთის ეროვნული ასამბლეა ერთპალატიანი პარლამენტია. იგი შედგება 199 დეპუტატისგან, რომელთაგან 106 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევა, ხოლო დარჩენილი 93 პროპორციულად 5%-იანი საარჩევნო ზღურბლით (ბლოკებისთვის უფრო მაღალი ბარიერია). ეს არის პირველი დიდი უპირატესობა მმართველი პარტიისთვის. მანდატების 53%-ზე მეტი მაჟორიტარული წესით ნაწილდება პირველივე ტურში – ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი იმარჯვებს (თუნდაც ხმების 50+1-ზე ნაკლები მიიღოს).
მეორე ასპექტი გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესია, რომელიც დონტის ფორმულას ეყრდნობა, ის კი გარკვეულ უპირატესობას გამარჯვებულს აძლევს.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დარჩენილი 47%-იც არ ნაწილდება მთლად სამართლიანად. საკითხი ეხება ე.წ. “საკომპენსაციო კომპონენტს”. ამ კომპონენტის მიხედვით მაჟორიტარულ ოლქებში მიღებული, მაგრამ „უქმად დარჩენილი“ ხმები გადადის პროპორციულ ნაწილში და ემატება შესაბამის პარტიებს.
რომელი ხმა ითვლება „უქმად დარჩენილად“?
თუ პარტიის კანდიდატი მაჟორიტარულ ოლქში დამარცხდა, მისთვის მიცემული ხმები ითვლება „უქმად დარჩენილად“ და ემატება პროპორციულ სიაზე.
თუ კანდიდატმა გაიმარჯვა, ანგარიშში ჩაითვლება მხოლოდ ის ხმები, რაც მოგებისთვის იყო საჭირო, დარჩენილი ხმები (რაც მეტია მეორე ადგილზე გასული კანდიდატის ხმებზე) ემატება პროპორციულ სიას.
ამგვარად, პარტიებს აქვთ ის ხმები, რაც წარდგენილი სიებისთვის პირდაპირ მიიღეს ამომრჩევლებისგან და ხმები, რაც “კომპენსაციის სახით” ირიბად გადაეცათ მაჟორიტარული ოლქებიდან.
ეს სისტემა თითქოს ამცირებს დაკარგული ხმების ოდენობას და ამომრჩევლის ნებას არ “ფანტავს”, მაგრამ რეალურად ის მუშაობს როგორც გამარჯვებული პარტიის ბონუს სისტემა. მაგალითად 2022 წელს ორბანმა მიიღო ხმების 54% (კომპენსირებული ხმების ჩათვლით), მაგრამ საბოლოოდ მანდატების 68%-მდე ერგო.
თავის დროზე ორბანმა ეს საარჩევნო სისტემა საკუთარი ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ გუშინდელ არჩევნებში საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა. მადიარმა ხმების 53.6%-ით (კომპენსირებული ხმების ჩათვლით) მანდატების დაახლოებით 69% აიღო და 138 მანდატიანი საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა (დათვლილია ხმების 99%).
ავტორიტარული რეჟიმები თამაშობენ ერთადერთ თამაშს: “გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი”, მაგრამ ამ თამაშს მეორე მხარეც ჰყავს – წაგებული. “წაგებული კი აგებს ყველაფერს” – ერთხელაც დამარცხებულის ადგილას რეჟიმი აღმოჩნდება. 2026 წელს მადიარმა უფრო დიდი სარგებელი ნახა ამ სისტემით, ვიდრე თავად ორბანმა 2022 წელს”, – წერს მენაბდე.










