ვ
არშავაში გამართულ საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე „უკრაინისთვის“ 6.5 მილიარდი დოლარი შეგროვდა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
მაღალი დონის საერთაშორისო დონორთა კონფერენციას „უკრაინისთვის“ პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად მასპინძლობდნენ.
კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი ვითარება მიმოიხილეს და ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღო მონაწილეობა.










