უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მთავარი როლი დონალდ ტრამპს ექნება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ამ ომში რუსეთის გამარჯვება არ უნდა დავუშვათ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, როგორც ნატო-ში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერს, როგორც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერს, მთავარი როლი ექნება. მშვიდად ველი პირველ ნაბიჯებს, რომელთაც დონალდ ტრამპი გადადგამს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რეგიონს კარგად იცნობს.
„საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ დაუშვებს, რომ რუსეთმა უკრაინის გარკვეული ტერიტორიები ძალით დაიკავოს. ეს მიუღებელია“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.