ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კაცს, რომელიც 14 წლის წინ არასრულწლოვან შვილს აუპატიურებდა.
კერძოდ, „საფარი” ამბობს, რომ მათ დაუკავშირდა ქალი, რომელზეც, 14 წლის წინ, როდესაც ის არასრულწლოვანი იყო, მამა სექსუალურად ძალადობდა. ადგილი ჰქონდა გაუპატიურების რამდენიმე მძიმე შემთხვევას.
ორგანიზაციის განცხადებით, საქმეში „საფარის” იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურების შემთხვევები 14 წლის წინ მოხდა, რაც გამოძიებისთვის სირთულეს წარმოადგენს, ადვოკატ მარი ვარამაშვილის მოთხოვნით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ იქნა მტკიცებულება, რომელიც პედოფილისთვის ბრალის წარდგენის შესაძლებლობას იძლეოდა.
„საფარის“ ცნობით, საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად, პედოფილი მამა 2024 წლის 29 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საკუთარი არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ფაქტზე წარედგინა, ხოლო 31 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ორგანიზაციის თანახმად, 2025 წლის 12 სექტემბერს მოსამართლემ რომან ხორავამ პედოფილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.