დღეს ,,ქართულმა ოცნებამ” იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები დაასახელა.
ქუთაისის მერობის კანდიდატი 2021 წლის არჩევნებში ქუთაისის მოქმედი მერი იოსებ ხახალეიშვილი იქნება, რომელიც მმართველი პარტიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
,,უდიდესი პატივია, იყო ქუთაისის არჩეული მერი და ორმაგი პასუხისმგებლობაა, თუ მშობლიური ქალაქის თავკაცობას ისევ განდობენ და კვლავ დაგასახელებენ მერობის კანდიდატად.
ქვეყნის მმართველი გუნდის ნდობა უპირველესად ქუთაისელთა ნდობის და პატივისცემის გამოხატულებაა და მადლობელი ვარ ამ ნდობისთვის! მე ვიცი , რას ნიშნავს ატარებდე ქუთაისის მერის სახელს, როგორი რთულია და როგორი საამაყო.
ჩემი მერობის არცთუ ხანგრძლივ პერიოდში, ჩვენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმს ვუმასპინძლეთ და ვხედავთ, როგორ გამოწვევებს პასუხობს ღირსეულად ჩვენი უძველესი ქალაქი.
ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს და ამის გარანტი არის “ქართული ოცნების” გუნდი, რომლის მხარდაჭერით, მე, როგორც ქუთაისის მერმა, ქალაქის მერიის სახელით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება შევძელი და კიდევ უფრო სერიოზული გეგმები გვაქვს.
უპირველესად მადლობა მინდა გითხრათ ერთად გავლილი ამ რამდენიმე თვის გამო, თანამშრომლობის, თანადგომისა და ერთგულებისთვის! მჯერა, ამ საარჩევნო მარათონსაც ერთად გავივლით და ერთად გავიმარჯვებთ!” – წერს ქუთაისის მერი და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი.










