ტყიბულის მაჟორიტარი ბეჟან წაქაძე საპენსიო ასაკის 5 წლით შემცირებას ითხოვს. აღნიშნული მიზნით, წაქაძემ საქართველოს პარლამენტში “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, “მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე, კერძოდ ტყიბულსა და ჭიათურაში არსებულ შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის დასაქმებულ პირებს პენსიაზე უფლება უნდა წარმოეშვათ 60 წლის ასაკის მიღწევისას, ხოლო ქალებს 55 წლის ასაკიდან. შესაბამისად კანონპროექტით ორდინალური საპენსიო ასაკი უნდა შემცირდეს 5 წლის ვადით”.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, კანონპროექტს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს და დასკვნების მოსამზადებლად, ასევე განსახილველად პროექტი წამყვან და სავალდებულო კომიტეტებს გადაეგზავნათ.