აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უცხოეთიდან წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ბრძოლა გამოუცხადა. სტატიას ამ შინაარსით ამერიკული გაზეთი The Washington Times-ი აქვეყნებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტმა მიზანში „დემოკრატიული“ პარტიის ონლაინ-პლატფორმა ActBlue ამოიღო. თეთრი სახლის ლიდერი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ პლატფორმას „დემოკრატები“ „ყალბი“ უცხოელი დონორების მეშვეობით სახსრების მოსაზიდად იყენებენ.
ამ მიზნით, ტრამპმა ბრძანებულებას მოაწერა ხელი, რომელიც ქვეყნის გენერალურ პროკურორს, პემ ბონდის ავალებს გამოიძიოს ონლაინ-პლატფორმის კავშირი აშშ-ის არჩევნებისთვის ყალბი ან ფიქციური დონორების გამოყენებით ფულის შეგროვებასთან.
„პრეზიდენტი ტრამპი ებრძვის ბოროტ სუბიექტებსა და უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამერიკულ არჩევნებზე უკანონო გავლენის მოხდენას ცდილობენ, ძირს უთხრიან რა ჩვენი საარჩევნო პროცესის მთლიანობას“, – ნათქვამია ბრძანებულების ტექსტში.
The Washington Times-ი აღნიშნავს, რომ ფედერალური საარჩევნო კომისია უცხოელების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას კრძალავს.
როგორც ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებაშია აღნიშნული, პლატფორმა ActBlue-ს მეშვეობით უცხოური IP-მისამართებიდან წინასწარ დამზადებული ბარათების მეშვეობით 2024 წლის არჩევნებამდე 30 დღით ადრე ასობით შემოწირულება განხორციელდა.
ტრამპის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად პლატფორმა ActBlue. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ActBlue-ს დევნა ტრამპის ადმინისტრაციისა და „რესპუბლიკური“ პარტიის მხრიდან არის ამერიკულ დემოკრატიაზე უტიფარი შეტევა“.
სპეციალური განცხადება გაავრცელეს „დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენლებმაც. „დონალდ ტრამპის ბრძანებულება ActBlue-ს წინააღმდეგ დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ არის მიმართული. და ეს გასაკვირიც არ არის“, – ნათქვამია „დემოკრატების“ განცხადებაში.
„მან იცის, რომ ამერიკელები ყელამდე მაძღრები არიან მისი ქაოსური პროგრამით, რომელიც ძირს უთხრის ეკონომიკას, ამიტომაც ის კანონიერი შემოწირულებების ბლოკირებას ცდილობს, რომელთა საშუალებით მხარდამჭერები 5 ან 10 დოლარს ურიცხავენ კანდიდატებს, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოდიან. ამასთან ერთად, ის უფრო მეტად აძლიერებს კორუმპირებულ მილიარდერებს, რომლებიც მის ადმინისტრაციას უკვე აკონტროლებენ. როგორც „დემოკრატები“, ჩვენ მილიონობით ამერიკელის, რომლებიც ტრამპის მიერ ძალაუფლების სახიფათო ბოროტად გამოყენებას ებრძვიან, მხარდაჭერაში ერთიანნი ვართ“, – აღნიშნულია განცხადების ტექსტში.