ომი აიძულებს ხალხს, აირჩიონ მხარე და დონალდ ტრამპი, როგორც ევროპაში ბევრს ეჩვენება, ვლადიმერ პუტინის მხარეს დგას, – ამის შესახებ გამოცემა Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში პრეზიდენტის შვიდდღიანმა ინტერვენციებმა რეალური გახადა უკრაინელებისა და მათი მრავალი მოკავშირის კოშმარები, რითაც შეცვალა ტრანსატლანტიკური ურთიერთობა, რომელიც საფუძვლად უდევს ევროპის უსაფრთხოებას 1945 წლიდან. ევროპელი პოლიტიკოსები იწყებენ იმის გააზრებას, თუ რამდენად ღრმად შეიცვალა მათი სამყარო: ისინი ახლა უნდა გაუმკლავდნენ ამერიკას, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში სკეპტიკურად არის განწყობილი და უარეს შემთხვევაში მტრულად განწყობილი ძველი სამყაროს მიმართ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. თუ არსებობდა რაიმე მუდმივი ეჭვი ევროპაში მტრების შექმნისთვის დონალდ ტრამპის მზაობის შესახებ, მან ეს დაასრულა სამშაბათს ღამით, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომის “დაწყებაში” დაადანაშაულა. სამი წლის წინ პუტინის არაპროვოცირებული შეჭრის ფაქტის ასეთმა უხეშმა დარღვევამ შოკში ჩააგდო რეგიონში ამერიკის ყველაზე ერთგული მეგობრებიც კი“, – წერს გამოცემა.
„ახლა ჩვენ გვაქვს ალიანსი რუსეთის პრეზიდენტს, რომელსაც ევროპის განადგურება სურს, და ამერიკის პრეზიდენტს შორის, რომელსაც ასევე სურს ევროპის განადგურება. ტრანსატლანტიკური ალიანსი დასრულდა“, – აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა გამოცემასთან საუბრისას, რომელმაც საკითხის სენსიტიურობის გამო იდენტიფიცირებაზე უარი განაცხადა.
Politico წერს, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის შემდეგ, თეთრი სახლის ახალი ბინადარი პუტინის ხაზებს ახმოვანებს. მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორი” უწოდა არჩევნების არ დანიშვნის გამო და აღიარა, რომ ომის შედეგი დიდად არ აინტერესებს.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სამშაბათს საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს, მხარეებმა განიხილეს ურთიერთობის „გამაღიზიანებელი“ ფაქტორები, რომელიც უკანონო ომის საპასუხოდ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოიცავს.
„მათ ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში მომავალი თანამშრომლობისა და ინვესტიციების შესაძლებლობებზე – მაშინ, როცა ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ რაუნდზე შეთანხმდა. ბრიუსელში ახალი რეალობა ჩნდება: აშშ უბრალოდ ჩვენს მხარეს არ არის“, – წერს Politico.