გელათის ტაძრის წინამძღვარი მამა იოსები მრევლმა, მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა და სასულიერო პირებმა უკანასკნელ გაზე გააცილეს.
არქიმანდრიტი გელათის მონასტრის ეზოში დაკრძალეს. იოსებ ბურჯანაძის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მონასტერში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამოქალაქო პანაშვიდი, რათა საყვარელ მოძღვარს მრევლი გამომშვიდობებოდა.
პოეტი ირმა ქურასბედიანი საყვარელ მამაოს ლექსით ემშვიდობება:
“ჩვენი მამა იოსები
მიდიხარ და ამ წასვლითაც თითქოს გვმოძღვრავ,
უჩვეულო ჯანღი ბორგავს გელათური,
სანთელივით ჩამოფერფლილ მოძღვართ- მოძღვარს,
თან მიგყვება ზღვად ქცეული სიყვარული.
ჩვენ არ ვიცით, ვერ გავარჩევთ მტყუან- მართალს,
საკვირველ არს ზეციერო საქმე შენი,
ვინ დაუდგენს ახლა ზამთარს სხვა სამართალს,
აირია, ცრემლად იქცა მონასტერი.
დღეს გელათის ცა ტკივილით დაიბინდა,
სერაფიმთა გუნდი მაშვრალს ღამეს უთევს,
მჯერა ფეხზე დაუდგება დავითიც და
მართალ სტუმარს გულში თბილად ჩაიხუტებს.
ზეციური მამა ელის ქრისტეს მხედარს,
ანგელოზის შეუსხია მაშვრალს ფრთები,
ტკივილები დაუამე დიდო დედავ,
შენთან მოდის ჩვენი მამა იოსები.
ირმა ქურასბედიანი”