2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიას ერთი დაგვიანებული ჰყავს. თბილისში, მუხიანის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 3 წუთის დაგვიანებით მივიდა. როგორც მას ცენტრიდან გამოსულმა წარმომადგენელმა განუმარტა, გამოცდა დაწყებული, დაგვიანებულის დაშვება კი შეუძლებელი იყო.
ბიჭის მონაყოლის მიხედვით, ის ტაქსის მძღოლმა შეცდომით, გლდანის 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მიიყვანა (ამას ადასტურებს EDU.ARIS,GE-ს ჟურნალისტიც, რომელიც 177-ე საჯარო სკოლაში მუშაობს). როდესაც აღმოაჩინა, რომ არასწორ მისამართზე იმყოფებოდა, მაშინვე მუხიანისკენ წამოვიდა, თუმცა სამი წუთით დააგვიანდა.
სხვა აბიტურიენტების გულშემატკივრებს არც ახლა დაუკლიათ მცდელობა, რომ აბიტურიენტს დახმარებოდნენ, თუმცა წესები ვერ შეიცვლება და მათი ხანგრძლივი მცდელობისა და თხოვნის მიუხედავად, ბიჭი გამოცდაზე აღარ დაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ცენტრის კარი ზუსტად 09:00 საათზე იკეტება. ერთიან ეროვნულ გამოცდებს მრავალი წელია ვაშუქებთ, თუმცა ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა თუნდაც ერთი წუთის დაგვიანებით მისული აბიტურიენტი გამოცდაზე დაუშვიათ.