შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხრიდან მუქარები ხშირია და თუ ცეცხლს გახსნიან, საქართველო მზადაა საპასუხო ქმედებისთვის.
“ახლა, ბოლო შემთხვევა იყო ჩორჩანაში, სადაც ნამდვილად გადმოწიეს ჩვენს ტერიტორიაზე და გაგვიხსნეს, სამწუხაროდ, საგუშაგო იმის საპასუხოდ, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაკეთეთ საგუშაგო. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, ჩვენ ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება, ცეცხლი არ გაიხსნას ან იქითა მხრიდან, ან აქედან და არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციაში.
თუ ცეცხლს გახსნიან ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ და ჩვენი მოსახლეობა და კონტროლირებადი ტერიტორიები დავიცვათ” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ამ განცხადებას ეხმაურება და წერს:
“”ეს პირველი არ არის, ხშირად ხდება მუქარა, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ცეცხლს გავხსნით. ჩვენ მაქსიმალურად ვზად ვართ და თუ გახსნიან ჩვენც ვუპასუხებთ რომ დავიცვათ მოსახლეობა და ტერიტორიები” – გომელაური.
აგაშენა ღმერთმა. სხვა კი არ გვიქნია რამე 2008-ში.
ოღონდ, თუ ისე აპირებთ, სალოსის ქუჩაზე რო ქენით, ნუ დაგვიმალავთ, გვითხარით, მოვემზადებით მაინც.” – წერს თარგამაძე