“სამხრეთ კავკასიასა და მათ შორის, საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის საკითხი. სქესით არჩევენ როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგაც. აღზრდის პროცესში გოგონების მიმართ არაერთ სტერეოტიპულ მიდგომას ვხვდებით” – ამის შესახებ ორგანიზაცია „თავისუფალი ასოციაცია” იუწყება, რომელიც დღეს ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ მიმართული ფოტოექსპოზიციას მართავს.
ფოტოისტორიები 40 წლამდე მშობლებზე მზადდება, რომელთაც გოგონები ჰყავთ. ისტორიები მამების, დედებისა და შვილების ურთიერთობაზე გვიყვება და გვანახებს ემოციებსა და დამოკიდებულებას, რომელიც შეიძლება მანამდე გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი იყო.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ თბილისის გმირების შემდეგ ისინი პერსონაჟებს ქუთაისში იღებენ:
“ერთი მხრივ, საინტერესოა, რეგიონში მაცხოვრებლების ხედვა რამდენად ემთხვევა ან განსხვავდება თბილისის მცხოვრებთაგან, რამდენად აქვთ მზაობა საკუთარი ისტორია სხვებს გაუზიარონ და აქციონ სამაგალითოდ საკუთარი გოგონების მიმართ დამოკიდებულება და აღზრდელობითი მიდგომები. ქუთაისის მასშტაბით შერჩეულ გმირებს შორის არიან: ჟურნალისტები, მსახიობები, სპორტსმენები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი პროფესიონალი, რიგითი მოქალაქეები და რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი პატარა გოგონები.” – აცხადებენ „თავისუფალი ასოციაცია”-ში.
ფოტოექსპოზიციის სქესს მნიშვნელობა არ აქვს – „ჩემი გოგო“ ნახვა დღეს, 30 სექტემბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ორგანიზაცია „თავისუფალი ასოციაცია“ პროექტს, რომელიც ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, ფონდი ღია საზოგადების, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს.