საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, სროლის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აპრილს, ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, ბრალდებულმა მის სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ერთჯერადად გაისროლა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 9 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება გრძელდება დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.