“სოლიდარობა მირიან ბერულავას” – დღეს ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციასთან ჟურნალისტებმა აქცია გამართეს.
მედიის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებულ ჟურნალისტსა სამოქალაქო აქტივისტს მირიან ბერულავას სოლიდარობა გამოუცხადეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
“ვინც იცნობს მირიან ბერულავას, ყველამ იცის, რომ ის არის ძალიან წესიერი და ზრდილობიანი ადამიანი, ზოგადად მის ლექსიკაში არ არის ბილწსიტყვაობა და წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ მან სამართალდამცველებს აგინა. რაც შეეხება იმას, რომ მან პოლიციელებს უთხრა, სისტემა არ ვენდობი, გვინდა, ვუთხრათ საგამოძიებო სამსახურებს – დიახ, არც ჩვენ ვენდობით სისტემას, მოვიდნენ და დაგვაკავონ”, – განაცხადეს ჟურნალისტებმა აქციაზე.
როგორც ჟურნალისტმა მირიან ბერულავამ გუშინ ადვოკატს განუცხადა, მისი დაკავების მიზეზად პოლიციამ მისივე ფრაზა “არ ვენდობი სისტემას” დაასახელა. ოფიციალური უწყებები კი აცხადებენ, რომ ჟურნალისტმა პოლიციელებს აგინა.
მირიან ბერულავას წინააღმდეგ გამოძიება, 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.










