ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ექსპერტები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურებიან.
„ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „სისულელე“ უწოდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“.
ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ხელისუფლება ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივით ძალიან შეშფოთდა.
„რა სისულელე თქვა კობახიძემ, რამდენი სისულელე უნდა თქვას? ვინმე იტყვის, რომ პარლამენტის წევრობა არ მინდაო და კობახიძე ეტყვის, არა, შენ მაინც პარლამენტის წევრი ხარო?! იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, უკვე ისეთ სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ ამას პირველკურსელი იურისტიც კი არ იტყვის, ვინც იურიდიულზე ჩასაბარებლად ემზადება. ბუნებაში ასეთი მექანიზმი კონსტიტუციაში არ არსებობს, რომ ადამიანს პარლამენტის წევრობა დააძალო. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან შეშფოთდნენ ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივით. ისინი მიიღებენ ერთპარტიულ პარლამენტს, თუ სერიოზულ ნაბიჯებს არ გადმოდგამენ“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, ერთპარტიული პარლამენტით ამ გზაზე ვერ ვივლით, ნელ-ნელა დავკარგავთ ყველაფერს, რაც აქამდე მოგვიპოვებია. ამიტომ, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და მე მგონი, დავინახეთ, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა გრძნობს, რამხელა კრიზისში შეიყვანა სახელმწიფო და მათ განცხადებებსაც ეტყობა რაღაც კუთხით, რომ მათ სჭირდებათ გამოსავალი და მოლაპარაკება ოპოზიციასთან. ეს რომ ასე არ იყოს, საერთოდ არ წავიდოდა მოლაპარაკებაზე ხელისუფლება და საერთოდ არ იდარდებდა იმაზე თუ რას გააკეთებს ოპოზიცია. არ მგონია, რომ ხელისუფლება იმაზე ნერვიულობდეს, რა მომავალი ექნება ოპოზიციას. ის საკუთარ თავზე ნერვიულობს და ძალიან კარგად ხედავს, რომ მარტო პარლამენტში სერიოზული პრობლემები ექნება და რიგგარეშე არჩევმები მაინც გარდაუვალი იქნება“- განაცხადა ექსპერტმა გიორგბი რუხაძემ.
„ირაკლი კობახიძე არის მატყუარა, ძალიან მდაბიო ცილისმწამებელი, არჩევნების გამყალბებელი. მე მახსოვს, არჩევნების ასეთი გამყალბებელი იყო თინა ხიდაშელი, რომელიც საგარეჯოს არჩევნების გაყალბების მერე, ფეხებს უბაკუნებდა მთელ მთავრობას, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ, სად არის ხიდაშელი, ის აღარ არის ხელისუფლებაში და ექსპერტია. კობახიძესაც ელის იგივე ბედი. ნურავინ იფიქრებს, რომ გააყალბებს არჩევნებს ქვეყანაში და ეს დარჩება დაუსჯელი. რაც შეეხება მექანიზმს, რომ უმრავლესობა ჩვენი ნების მიუხედავად, შეგვიყვანს პარლამენტში, ეს არის მტკნარი სიცრუე და არაკომპეტენტურობის გამოხატულობა კობახიძის მხრიდან. არავის აქვს უფლება ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ სადმე შეგვიყვანოს, ან არ შეგვიყვანოს, მითუმეტეს, კობახიძეს და უმრავლესობას არ აქვს ამისი უფლება.
მოვუწოდებ ყველა ოპოზიცურ პარტიას, რომელიც დღეს ამბობს, რომ არ შედის პარლამენტში, გააკეთოს ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეს არის უარის თქმა განცხადების ფორმირების საშუალებით, ანუ მთელი სიის წევრებმა უნდა დაწერონ განცხადება უარზე და ერთად შევიტანოთ ეს განცხადებები ცესკო-ში. მაშინ ყველანაირი პრობლემა მოიხსნება და 45 დღეში დაინიშნება არჩევნები.
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, კობახიძის საყურადღებოდ, ჩაიხედოს კანონში საჯარო მოსამსახურეების შესახებ, არავის არ აქვს უფლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ადამიანი დანიშნოს ამა თუ იმ სამსახურში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“. მისივე მტკიცებით, „ პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას“. კობახიძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს შანტაჟს, ხოლო კონსტიტუცია შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს ითვალისწინებს. კობახიძე ირწმუნება, რომ პარლამენტისა და მისი უმრავლესობის გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ერთპარტიულ პარლამენტს.










