„ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის განცხადებით, მზია ამაღლობელს სასამართლოს დატოვებისას ხელში ეჭირა ფურცელი, წარწერით: „სილა რეჟიმს“.
როგორც თურაძემ აღნიშნა, არ შეიძლება სისტემა ადამიანებს ანადგურებდეს და სწირავდეს.
„მე არ დამინახავს, მაგრამ როგორც მითხრეს, მზია ამაღლობელს დღეს ხელში ეჭირა ფურცელი, რომელზეც ეწერა: „სილა რეჟიმს“. დიახ, ეს არის!
მეტი უსამართლობა, რა შეიძლება ჩაიდინოს ერთი მოქალაქის წინააღმდეგ სახელმწიფომ, სასამართლომ, პოლიციამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, როდესაც 2 წლით უშვებ ციხეში მზია ამაღლობელს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დანაშაული არ ჩაუდენია?! ყველა უმკლავდება ერთ ქალს! აფერუმ! ეს არის ბოროტების სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს. არ შეიძლება სისტემა ადამიანებს ასე ანადგურებდეს და სწირავდეს. კი ბატონო, როგორც მზიამ თქვა საბოლოო სიტყვაში: „ბრძოლა ბოლომდე“.
ჩვენ მხარეს არის სიმართლე, არ შეიძლება დავუშვათ, რომ სიმართლე გავაქროთ, დუმილით წავახალისოთ ის ბოროტება, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა თურაძემ.
ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ “სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.
ფოტოს გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს.