9 თებერვალს, დილით ტენესის შტატში ქართველი ახალგაზრდა, 33 წლის გიორგი მერაბიშვილი მოკლეს. ეს სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს. როგორც ირკვევა, მას დამნაშავე სახლთან დაესხა თავს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ტრაგედიის შესახებ ვრცელ სტატიას “AMBEBI.GE” აქვეყნებს.
- გიორგის ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა, ამიტომ საქართველოში მის ჩამოსასვენებლად საკმაოდ სოლიდური თანხაა საჭირო. მეგობრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ, რომ ოჯახს დაეხმარონ და შეაგროვონ ჩამოსასვენებელი თანხები.
“ჩვენი ბავშვობის მეგობარი გიორგი მერაბიშვილი ტრაგიკულად და მოულოდნელად გარდაიცვალა, გთხოვთ გადააზიაროთ და გვერდში დავუდგეთ მის ოჯახს. საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო გიორგის სამშობლოში გადმოსასვენებლად. ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, არ აფინანსებს საკონსულო გადმოსვენებას. გთხოვთ, გადააზიაროთ და რითაც შეგეძლებათ დახმარება გავუწიოთ ოჯახს. გიორგი 33 წლის იყო და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა“, – წერს სოციალურ ქსელში მეგობარი თეო მიქელაძე.
როგორც შევიტყვეთ, 33 წლის გიორგი მერაბიშვილს საქართველოში ჰყავს ოჯახი, ის ორი მცირეწლოვანი შვილის მამაა. ბოლო დროს საქართველოში იყო, მაგრამ უცხოეთში რამდენიმე თვის წინ ისევ წავიდა. ისე წლებია იქ ცხოვრობს, ამერიკის მოქალაქეობაც მიიღო და ამიტომ მას საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერეს.
როგორც ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, მის ჩამოსასვენებლად 10000 დოლარია საჭირო. ამიტომ ახლა ახლობლები ამ თანხის შეგროვებას ცდილობენ.
- ვრცელდება ინფორმაცია, 33 წლის ახალგაზრდას პოლიციელის გასროლის შედეგად დაიღუპა. სამართალდამცველებმა ცეცხლი სიტუაციის გამწვავებისას გახსნეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილს სიცოცხლეშივე მიყენებული თვითდაზიანებები აღენიშნებოდა.
ცნობილი იურისტი თამარ აბესაძე გიორგი მერაბიშვილის პირადი ადვოკატი იყო. ის ძალიან წუხს მომხდარის გამო და ოჯახს, მის სანათესავოს, სამეგობროს სამძიმარს უცხადებს.
ადვოკატი თამარ აბესაძე:
– ძალიან დასანანია და გულსატკენია ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ადამიანი რომ არ იქნება ჩვენს გვერდით. გიორგი ძალიან მეგობრული, კარგი ადამიანი იყო. დღეს ეს მძიმე ამბავი გავიგე და გული მეტკინა ძალიან. ორი შვილის მამა იყო. ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, მისი ცოლ- შვილი საქართველოში ცხოვრობს. გიორგის ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა და ამის გამო შეუჩერეს საქართველოს მოქალაქეობა. აღდგენის საკითხი მოგვარებული არ ჰქონდა. როგორც შევიტყვე, გადმოსასვენებლად 10 000 დოლარია საჭირო, რადგან არ ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა. საკმაოდ სოლიდური თანხაა. როგორც ჩანს, ის ადამიანები, ვინც მას პირადად იცნობდა, ავრცელებენ ამ ინფორმაციას და ცდილობენ ახლა ოჯახს დაეხმარონ ამ თანხების მოძიებაში, რომ დროულად მოხდეს მისი სამშობლოში გადმოსვენება.
– თამარ, მომხდარ ფაქტზე რა იცით, ვინ მოკლა გიორგი მერაბიშვილი?
– დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს. როგორც ვიცი, მას ადრე დაპირისპირება ფერადკანიანებთან ჰქონდა, სავარაუდოდ ეს იმ ფაქტის გაგრძელებაა. კონფლიქტი ადრე დაიწყო, ამაზე გიორგიმ თავად მიამბო. მან მითხრა, ფერადკანიანები ამერიკელ თეთრკანიანებს ძალიან ავიწროებდნენ, ჩაგრავდნენო, არაადამიანური მოპყრობის თვითმხილველი გახდა, გიორგი თეთრკანიანს გამოესარჩლა, არ მისცა ფერადკანიანებს მათი დაჩაგვრის უფლება. ამის გამო მოუხდა მათთან დაპირისპირება, შეხლა-შემოხლაც იყო. როგორც ვიცი, ფერადკანიანების ისეთ კლანთან მოუხდა დაპირისპირება გიორგის, იყო იმის საშიშროება, რომ მოეკლათ, ამიტომ ჩამოვიდა საქართველოში და აქ ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი. აქ წამოიწყო თავისი ბიზნესი. მერე შეირთო ცოლი, შეეძინა შვილები. მანქანების ჩამოყვანა-რეალიზაციის ბიზნესი ჰქონდა, ნაწილების ყიდვა-გაყიდვის…
როგორც ვიცი, გიორგის დედა ცხოვრობდა წლები ამერიკაში, მას ჰქონდა ამერიკის მოქალაქეობა და ამ გზით მიიღო გიორგიმაც ამერიკის მოქალაქეობა. სამწუხაროდ მერე დედა ავად გახდა, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ამერიკაში გარდაიცვალა. ძალიან განიცდიდა დედის გარდაცვალებას. მითხრა, დედის ფერფლი ჩამოვიტანე საქართველოშიო. მამაც გარდაცვლილი ჰყავს. როგორც ვიცი, მისი დაც ცხოვრობს ამერიკაში. ახლა მას დაურეკავს გიორგის მეუღლისთვის და ეს მძიმე ამბავი უთქვამს. როგორც ვიცი, დამნაშავეებმა სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და იქ მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით. რადგან ჩასაფრება იყო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძველი კონფლიქტის გაგრძელებაა, ეტყობა მიაგნეს. ტყვია დაახალესო სახლთან, ასეთი ინფორმაცია მაქვს. ვფიქრობ, ფერადკანიანები არიან მკვლელები, ჯერ ექსპერტიზის პასუხები არ არის ცნობილი და იქაური სამართალდამცავები ამიტომ დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვიცი. ჩემი ინფორმაციით, ჩამოსვენების პრობლემაა იმიტომ, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა აქვს შეჩერებული. 10000 დოლარია საჭირო მის სამშობლოში გადმოსასვენებლად.