ხუთმა უკრაინელმა, რომლებიც საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის „დარიალის“ სარდაფში იმყოფებიან, განუსაზღვრელი ვადით შიმშილობა გამოაცხადეს.
ამის შესახებ “ეხო კავკაზა” ერთ-ერთი მოშიმშილეზე, სერგეი ლარკოზე დაყრდნობით წერს. ის დაახლოებით ერთი თვეა რაც საქართველო-რუსეთის საზღვარზე იმყოფება.
ლარკომ გაავრცელა თავისი მიმართვის ასლი, რომელშიც მომიტინგეთა მოთხოვნებია მითითებული.
“მე, ლარკო სერგეი ალექსეევიჩი, ვაცხადებ განუსაზღვრელ ვადით შიმშილობას, რათა პროტესტი გამოვხატო ქართველი მესაზღვრეების უკანონო ქმედებებისა და ჩემი უფლებების დარღვევის გამო,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ლარკოს თქმით, ის რუსეთიდან 2025 წლის 21 ივნისს იქნა დეპორტირებული. საქართველოში ჩასვლისთანავე, ოფიცრებმა ჩამოართვეს პასპორტი და ბიომეტრიული მონაცემები კანონიერი საფუძვლის გარეშე შეაგროვეს.
“არაადამიანურ პირობებში მომათავსეს დარიალის საკონტროლო-გამშვები პუნქტის სარდაფში 97 ადამიანთან ერთად, მათ შორის აივ და ტუბერკულოზით დაავადებულებთან ერთად. უარი მითხრეს საქართველოდან გასვლაზე, თავშესაფარზე, იურიდიულ დახმარებაზე და ჩემი დაკავების გასაჩივრების შესაძლებლობაზე“, – ნათქვამია საჩივარში.
მოშიმშილეები მოითხოვენ, რომ უკრაინის კონსულს მიეცეს მათთან შეხვედრის უფლება, განუმარტონ მათი დაკავების მიზეზები, მიეცეთ საქართველოდან გასვლის ან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობა, ჩაუტარდეთ სამედიცინო შემოწმება და შეწყდეს ის ყველაფერი, რასაც ისინი უკანონოდ მიიჩნევენ.
მონაწილეების თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ წარდგენილი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
“შეგახსენებთ, რომ რუსეთი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე აგზავნის პატიმრებს, რომლებიც თავდაპირველად უკრაინის ტერიტორიებზე გაასამართლეს და შემდგომში რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული. უმეტეს შემთხვევაში, ისინი სასჯელს რუსეთის კოლონიებში იხდიდნენ, სადაც იძულებით გადაიყვანეს.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ მოქალაქეების უმეტესობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის იყო გასამართლებული, არ გააჩნიათ საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტები და მათი ქვეყანაში შეშვება „საფრთხეს წარმოადგენს“, – წერს გამოცემა.
ადრე, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილი რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების შეშვებაზე მოლდოვამაც უარი თქვა.
3 აგვისტოს, უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა უარყო მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინა უარს აცხადებს მიიღოს საქართველოს საზღვარზე მყოფი 90 საკუთარი მოქალაქე.
კიევმა განაცხადა, რომ უკრაინული მხარე სისტემატურად მუშაობს მოქალაქეების დასაბრუნებლად, მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი უკრაინის მოქალაქეობას დაადასტურებენ.
წყარო