2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წლიურად 1.1%-ით შემცირდა და 14.2% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში წლიურად დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20.1 ათასი კაცით (2.1%) და 978.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.7 ათასით გაიზარდა (4.8%) და 433.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.7 ათასით (5.9%) და 233.9 ათასი შეადგინა.
„მეოთხე კვარტალში კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წლიურად 0.6%-ით გაიზარდა და 54.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 47.1 პროცენტი შეადგინა.
დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 48.5 პროცენტს და 45.2 პროცენტს შეადგენს.
2024 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.3 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
აღსანიშნავია ისიც, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. მეოთხე კვარტალში წლიურად მაჩვენებელი 2.4%-ით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში – 0.1%-ით. შესაბამისად, ქალებში უმუშევრობის დონე 11.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 16.7 პროცენტს შეადგენს.
„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 45.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.3 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.4 პროცენტული პუნქტით“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთანავე, დასაქმების დონე ქალებში 1.7%-ით, ხოლო კაცებში – 0.4%-ით არის გაზრდილი.