2025 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 37 867 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგოა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დემოგრაფიული მაჩვენებლებიდან ირკვევა.
მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 4.1 პროცენტით.
„2025 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (191 ბავშვი).
ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 35.9 პროცენტიდან 36.6 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა და შეადგინა 32.9, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 29.1 პროცენტი.
2025 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2 პროცენტიდან 21.9 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი გაიზარდა 69.5 პროცენტიდან 70.4 პროცენტამდე. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 7.3 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე გაიზარდა.
2025 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27.4 წლით განისაზღვრა,“ – ვკითხულობთ „საქსტატის“ ინფორმაციაში.
საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება ანუ გარდაცვლილების რაოდენობა აჭარბებდა ცოცხლად დაბადებულთა რიცხვს. აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია ქვეყანაში ეს მონაცემები ფიქსირდება და შობადობა წლიდან წლამდე მცირდება. 2025 წლის მონაცემებით, ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში, ისტორიულ მინიმუმზეა. {კერძოდ, საქსტატის ვებგვერდზე მოსახლეობის დემოგრაფიული სტატისტიკა 1994 წლიდან არის ხელმისაწვდომი}.
„2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.8 პროცენტით მეტია და 44 319 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (12 743 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (585 კაცი).
2025 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.6 პრომილე შეადგინა. 2025 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.1 პრომილე შეადგინა.
2025 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -6 452 ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა,“ – ვკითხულობთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.
რაც შეეხება ქორწინება-განქორწინების სტატისტიკას, „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს, რეგისტრირებულია 22 285 ქორწინება, რაც 2.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
მათივე ცნობით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 30.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.4 წელს.
ამასთან, 2025 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 173 ერთეული შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.








