2025 წლის პირველ ნახევარში საქონლის უცხოეთიდან ონლაინ-გამოწერებმა 900 მლნ ლარი შეადგინა, ყველაზე მეტი ღირებულების საქონელი კი Temu-დან იყიდეს. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია ნათქვამი.
პუბლიკაციის მიხედვით, Temu განხორციელებული ტრანზაქციების ღირებულებაში 35%-იანი წილითაა ლიდერი.
უფრო კონკრეტულად, ტოპ-5 კომპანია საქართველოდან შესყიდვის ღირებულების მიხედვით და მათი წილი უცხოეთიდან გამოწერებში, ასეთია:
- Temu – 35%;
- Amazon – 5%;
- Alibaba – 5%;
- TaoBao – 4%;
- eBay – 4%.
აღსანიშნავია, რომ როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, Temu ბაზარზე 2023 წლის ბოლოს შემოვიდა, მან გაზარდა ჯამური ბაზრის მოცულობა და გარკვეულწილად ჩაანაცვლა trendyol, შეამცირა amazonის, TaoBao-ს, Alibaba-ს და eBay-ს წილები ბაზარზე.
ამასთანავე, “გალთ ენდ ტაგარტის“ მიხედვით, Temu-ს ბაზარზე გამოჩენამ ხელი შეუწყო საერთაშორისო ტრანზაქციებში ჩინური პლატფორმების დომინირებას, რაც ასევე აიხსნება დაბალი საშუალო ღირებულებით.
ამასთან ერთად, კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოდან საერთაშორისო პლატფორმების მეშვეობით პროდუქციის შესყიდვა 2018-2024 წლებში 7-ჯერ, 0.2 მლრდ ლარიდან 1.4 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდა 2025 წლის პირველ ნახევარში – უცხოეთიდან გამოწერები წლიურად 56.7%-ით გაიზარდა და 0.9 მლრდ ლარი შეადგინა.










