ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, აღნიშნულის მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში მოსახლეობის რაოდენობა, უკვე წლებია, ყოველთვიურად იზრდება. ბოლო, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 2%-ით გაიზარდა, ამასთან, 2.7%-ით მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს.
უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით შემწეობას ჯამში 710 226 ადამიანი იღებდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 696 359-ს შეადგენდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 704 500 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ხოლო ყოველი მე-5 საარსებო შემწეობას იღებს.










