„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის. კანონპროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს. როგორც განმარტებით ბარათში წერია, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის აუცილებლობა გამოწვეულია სათამაშო ბიზნესისა და თამბაქოს ინდუსტრიის სფეროში ცალკეული საკითხების მოწესრიგების აუცილებლობით.
დოკუმენტის თანახმად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ონლაინ აზარტული თამაშების გამართვის ლიცენზიას ფლობენ მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაეზრდებათ.
„კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი შემოსავლისა, ნაცვლად 15%-იანი განაკვეთისა, დაიბეგრება 20%-იანი განაკვეთით“, – წერია განმარტებით ბარათში.
ამასთან, თამბაქოს ცალკეულ პროდუქტზე აქციზის განაკვეთი იზრდება. საუბარია ერთ სიგარეტის კოლოფზე აქციზის 20 თეთრით, 1.70-დან 1.90 ლარამდე გაზრდაზე. ხოლო 15 თეთრით 1.85 ლარამდე გაიზრდება ასევე აქციზის განაკვეთი გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე.
„თამბაქოს ცალკეულ პროდუქტზე აქციზის განაკვეთი იზრდება 15/20 თეთრით დგინდება განაკვეთი 1.9 ლარის ოდენობით 20 ღერზე, სიგარაზე − 2.1 ლარის ოდენობით ღერზე, სიგარილაზე − 2.4 ლარის ოდენობით 20 ღერზე, ხოლო გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე − 1.85 ლარის ოდენობით 20 ღერზე/ცალზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აზარტული თამაშების მიმართულებით, ცვლილების შედეგად ბიუჯეტში დამატებით 115 მილიონი ლარი შევა. ხოლო სიგარეტზე აქციზიდან მიღებული შემოსავლებით, ქვეყნის მთავარი ხაზინა დამატებით თითქმის 77 მილიონ ლარს მიიღებს.