2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ვიზებზე ვადაგადაცილების 690 შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის 2024 ფისკალური წლის “ქვეყანაში შესვლა-გასვლისა და ვიზის ვადაგადაცილების” ანგარიშშია აღნიშნული. სწორედ ამ სტატისტიკითაა ახსნილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 18 მარტის გადაწყვეტილებაც, რომლითაც აშშ-მა “ვიზების დეპოზიტის” პროგრამა გააფართოვა.
ცნობისთვის, პროგრამის ჩამონათვალს 12 ქვეყანა დაემატა, მათ შორისაა საქართველოც. გადაწყვეტილების მიხედვით, 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც შეერთებული შტატების B1/B2 კატეგორიის ვიზის აღება და აშშ-ში მოგზაურობა ენდომებათ, 5, 10 ან 15 ათასი აშშ დოლარის ოდენობით სავალდებულო გარანტიის (bond) გადახდა მოუწევთ. თანხის ოდენობა ინდივიდუალურად, საკონსულოში სავიზო გასაუბრების დროს განისაზღვრება.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, B1 და B2 (ტურისტული/ბიზნეს ვიზა) კატეგორიის ვიზებით აშშ-ში 2024 წელს საქართველოს 9 292 მოქალაქე იმყოფებოდა. აქედან, შტატების ტერიტორია დაგვიანებით საქართველოს 22-მა მოქალაქემ დატოვა. დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ სავარაუდოდ, უკანონოდ (ვადის დარღვევით) ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე დარჩა 668 მოქალაქე. ვადაგადაცილების ჯამური მაჩვენებელი 690 შემთხვევითაა განსაზღვრული, რაც 7.43%-ია 2024 წელს ამერიკაში ამ კატეგორიის ვიზით მყოფი საქართველოს მოქალაქეების საერთო რაოდენობისა.
ცნობისთვის, 2 აპრილის შემდეგ, რეგულაციები ჯამურად, 50 ქვეყნის პასპორტის მქონე მოქალაქეებზე გავრცელდება. დამატებულ თორმეტეულში, საქართველოს გარდა, არიან კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელის კუნძულები და ტუნისი.










