მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს, – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.
“საქართველოს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის „არჩევა“ კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში არსებული ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის „გლაიხშალტუნგისკენ“. მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს“, – წერს მიხაილ როთი სოციალურ ქსელში.
300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. პარლამენტში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯარო სხდომაზე ხმები ცოტა ხნის წინ შეაჯამა, რის შემდეგაც პლენარული სხდომის დარბაზში შეკრებილ საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების შედეგები გააცნო.