ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის – ასეთია აგენტის ხვედრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ადამიანი ხდება აგენტი, ის იძულებულია, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მასვე აზიანებს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველას გასაგონად, რომ არავის ვურჩევ აგენტობას. როდესაც ხდები აგენტი, შენ იძულებული ხარ, გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც შენვე გაზიანებს. მას აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა. ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის. ასეთია აგენტის ხვედრი. დანარჩენი არის გამოძიების საქმე”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი.
მისივე თქმით, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილი პირობას აძლევდა ყველას, ნებისმიერს, ვინც გადადგამდა ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს და დაუპირისპირდებოდა სახელმწიფო სისტემას.
კითხვაზე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარალელს ავლებენ ლევან ხაბეიშვილის დაპირებასა და წლების წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემულ დაპირებას შორის, რომლებიც სოფლებისთვის 5 მილიონი ლარის გამოყოფას გულისხმობდა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი“.
„რაც შეეხება 5 მილიონს, თქვენ რომ იანგარიშოთ ამ წლების განმავლობაში მთლიანად სასოფლო დასახლებებს რამდენი მოხმარდა, 5 მილიონზე ბევრად მეტია. ჩვენ რომ შევხედოთ რეგიონული განვითარების ნაწილში არაურბანულ სასოფლო დასახლებებს რამდენი მოხმარდა, არის ბევრად უფრო მეტი, საშუალო მაჩვენებელი რომ აიღოთ, ვიდრე 5 მილიონი ლარი და ეს დაპირებაც, ისევე როგორც სხვა დაპირებები, არის პირნათლად შესრულებული.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის დაპირებას, ეს არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, გამომდინარე იქიდან, რომ მას თან ახლავს კონკრეტიკა. ის პირობას აძლევდა ყველას, ნებისმიერს, ვინც გადადგამდა ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს და დაუპირისპირდებოდა სახელმწიფო სისტემას. იმდენად კონკრეტულია ამ შემთხვევაში დაპირება, რომ ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.