ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდბარე კორპუსში, რომელიც 8 ოქტომბერს ჩამოინგრა, სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართეს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
რეესტრმა სწორედ დღეს, 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა.
„დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენი არის ბინა N1-ის და სარდაფის გაერთიანების შიდა აზომვითი ნახაზი.“
წარმოების შეჩერების საფუძვლად რეესტრმა მიუთითა ასევე, რომ ცვლილება მხოლოდ ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს. როგორც ჩანს, დაინტერესებულმა პირმა ვერც ამ მხრივ წარადგინა სრულყოფილი დოკუმენტი.
საბოლოოდ, როგორც რეესტრი განმარტავს: „საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ”.
დღეს დანგრეული კორპუსთან თვითმხილველები შემთხვევის ადგილზე ყვებოდნენ, რომ ამ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა.
„როგორც გამოცემა წერს, არსებობს ვარაუდი, რომ ეს სამუშაოები კორპუსში უკვე მიმდინარეობდა.
“ბათუმელებს“ კომპეტენტურმა პირმა პირად საუბარში განუცხადა ასევე, რომ მისი ინფორმაციით, კორპუსის სარდაფიდან დიდი ოდენობით მიწა ამოიღეს. მან გვითხრა ასევე, რომ კორპუსი ე.წ. სინკარული ტიპისაა და არსებობს ასევე ვარაუდი, რომ სახლის ერთ სართულს სინკარები გამოაცალეს, რამაც ნგრევა გამოიწვია.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ კორპუსში სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ნებართვა გაცემული არ ყოფილა.










