მთავრობის ინფორმაციით, ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ბაზარზეა, შესაძლოა, შემცირდეს.
ამის შესახებ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკის და ანალიტიკური-კვლევითი ორგანიზაციების მიერ ეპიდემიის ეკონომიკური შედეგების და მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის ძირითადი საკითხების განხილვის შემდეგ გახდა ცნობილი.
საკონსულტაციო პლატფორმა პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, როგორც ანტიკრიზისული გეგმის, ისე პოსტკრიზისული პროგრამის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და პოზიტიურ ტენდენციებზე დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.
მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან და ანალიტიკურ-კვლევით ორგანიზაციებთან შეხვედრებს პერმანენტულად გამართავს. შეხვედრებში ჩართულია USAID-ის „ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობისა და კვლევითი ორგანიზაციების საკონსულტაციო პლატფორმას ქვეყნის ეკონომიკაზე ეპიდემიის გავლენის საკითხებთან მიმართებაში.










