საქართველოს საპატრიარქო თვითმარქვია სასულიერო პირის, ე.წ. მღვდელ-მონაზონ დავით აბშილავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება “პოლონეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჰპირდება დახმარებას ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში, რაშიც ფულს სძალავს მათ და ეწევა სხვადასხვაგვარ თაღლითურ საქმიანობას”.
“პოლონეთში მცხოვრები თანამემამულეებისაგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამავე ქვეყანაში მოქმედებს თვითმარქვია პიროვნება, რომელიც საკუთარ თავს მღვდელ-მონაზვნად მოიხსენიებს, აღასრულებს საეკლესიო წესებს, პოლონეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ჰპირდება დახმარებას ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში, რაშიც ფულს სძალავს მათ და ეწევა სხვადასხვაგვარ თაღლითურ საქმიანობას.
არსებული ინფორმაციით, საკუთარი ლეგიტიმურობის დასამტკიცებლად მას აქვს გარკვეული “დოკუმენტი”. სინამდვილეში, მის ხელთ არსებული საბუთი არ არის საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემული. აღნიშნულ “დოკუმენტში“ აგრეთვე ნახსენებია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). თუმცა მეუფესთან გასაუბრების შემდეგ შევიტყვეთ, რომ იგი ამ პიროვნებას არც იცნობს და არც რაიმე კავშირი აქვს მასთან.
ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პიროვნება არასოდეს ყოფილა ხელდასხმული საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და მისი განცხადება, რომ პოლონეთში საქართველოს საპატრიარქოს მიერ იქნა გაგზავნილი, სიცრუეა. შესაბამისად, მისი ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური და აბრკოლებს მორწმუნეთა ნაწილს”, – აღნიშნულია განცხადებაში.