არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკებმა” სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარი მიმოიხილა. შედეგად გაირკვა, რომ პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, წარმოდგენილია 50-ზე მეტი მსხვილი იმპორტიორ/დისტრიბუტორი და რითეილერი.
კვლევის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 170 000 დასაქმებულია საცალო და საბითუმო ვაჭრობაში, რაც მთლიანი დაქირავებით დასაქმებულების 26%-ს შეადგენს, მათ შორის დისტრიბუციაში და რითეილერებში 30 000-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული.
როგორც “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დღეისთვის მთავარი პრობლემები არის გაცვლითი კურსი, მაღალი ინფლაცია და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები.
„კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში სამწუხაროდ, როგორც ღარიბ ქვეყნებს ახასიათებს, ფაქტობრივად ჩვენი დანახარჯის ნახევარი სურსათზე და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე მოდის. შესაბამისად, რითეილ სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, თუ როგორ მიმდინარეობს ფასწარმოქმნა ამ სექტორში. ამაში ჩართულები არიან როგორც იმპორტიორები, ასევე ადგილობრივი მწარმოებლები, თავად სუპერმარკეტები და რითეილერები. მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, დახლზე რომ ფასი ხვდება, საიდან არის ეს ფასი წარმოშობილი. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ საკმაოდ მოცულობითი კვლევა, შევისწავლეთ სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის გავაანალიზეთ „საქსტატის“, ეროვნული ბანკის მონაცემები, როგორია ონლაინ გადახდების სისტემა.
კვლევა აჩვენებს, რომ სექტორი არის მზარდი, ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანი, თუმცა ბაზრის წილის 5%-ზე მეტი არცერთ მონაწილეს არ აქვს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ მაღალი კონკურენციაა სექტორში, რაც პირველ რიგში, მომხმარებლებისთვის არის მნიშვნელოვანი, თუმცა, გამოიკვეთა გარკვეული გამოწვევები, რაც ინფლაციას, ლარის კურსს ეხება, რომელიც ძირითადად პირველადი მოხმარების პროდუქციის ფასებზე მოქმედებს. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა გეოპოლიტიკური სიტუაცია.
მოგეხსენებათ, რუსეთის აგრესიის შედეგად გარკვეული მიწოდების ჯაჭვების რღვევაა მოსალოდნელი, რისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც სექტორის აქტიური მუშაობა, ასევე მთავრობის ჩართულობა”,-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.










