ავარიაში დაღუპული 24 წლის შაკო ბარამიძის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
მისი მშობლების თქმით, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.
„დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს. ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები.
გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი. გვსურს, გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო. გვსურს, მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ,,გირჩის,, მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა”- წერია Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე „გირჩმა“ განაცხადა, რომ წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. მათი მტკიცებით, ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.
„გირჩის“ ინფორმაციით, სასულიერო პირებმა მათ უთხრეს, ადამიანებს, ვისაც “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.