კვირას საღამოს, მსოფლიო პატრიარქმა მწუხრის ლოცვა აღავლინა ჯივალის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში.
ლოცვის შემდეგ, სიტყვით მიმართა უკრაინელ მრევლს, რომლებიც ამ ტაძარში წირვა-ლოცვას ესწრებიან ხოლმე. ყოვლადუწმინდესმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დრამატულ მოვლენებზე, რომელიც ომის განსაცდელში მყოფი უკრაინის მიწაზე ვითარდება და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საყვარელი უკრაინელი ხალხის მიმართ.
პატრიარქმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ მიმდინარე ომი არის არაწმინდა და ეშმაკისეული და აღნიშნა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ სამართლიანობას, მხარს ვუჭერთ ჭეშმარიტებას. სამართალი და ჭეშმარიტება უკრაინის მხარესაა, ამიტომ ჩვენც უკრაინის მხარეს ვართ. სახარება ამბობს: „სცნათ ჭეშმარიტებაჲ, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ!“.
ჩვენ ქრისტიანებს გვჯერა, რომ ჭეშმარიტება თავად ქრისტეა. მაშასადამე, ქრისტე გაათავისუფლებს უკრაინას, რამეთუ ჭეშმარიტება უკრაინის მხარესაა. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, მთელი გულით, რომ ეს კატასტროფული ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
2022 წლის აღდგომა მწარე აღდგომა იქნება ჩვენი უკრაინელი ძმებისთვის და არა მარტო მათთვის. ჩაივლის დიდი პარასკევი და მოვა აღდგომა. თუმცა ვინც ვეღარ დაბრუნდება, ეს იქნება ათასობით დაღუპული ადამიანი, ამ ომის მსხვერპლი.
ისინი, როგორც ყველა დანარჩენი, ზეციდან ილოცებენ არა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, არამედ ილოცებენ ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისთვის და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში.
კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიას ყოველთვის უყვარდა თავისი სულიერი შვილები უკრაინაში. ახლა ჩვენ ბევრად უფრო მეტად გვიყვარხართ. ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!” – თქვა მისმა ყოვლადუწმინდესობამ უკრაინელი მრევლის მიმართ წარმოთქმულ ქადაგებაში.