ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უძვირფასესი ადამიანის, ფრანგული ენისა და ჩვენი სკოლის დიდი გულშემატკივრის, ქალბატონ ქეთევან გაბუნიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ქეთი გაბუნია მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩვენი სკოლის დიდი მეგობარი, ხელს უწყობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და 23-ე სკოლის თანამშრომლობას.
გარდა ამისა, არ ყოფილა არცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ფრანგული ენის განვითარების მიმართულებით, რომლის დროსაც ქალბატონი ქეთევანი არ იდგა ჩვენს გვერდით. მუდამ იყო საიმედო პარტნიორი და დიდი მეგობარი.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს. ქეთი გაბუნიას გარდაცვალება უდავოდ დიდი დანაკლისია ყველასთვის და განსაკუთრებით კი ფრანკოფონური საზოგადოებისთვის”, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ პოსტში.